Georgian        English        Russian




დმანისის ეპარქია

დმანისის ეპარქია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ე.წ. „ქვენა სოფელში“, მდინარეების მაშავერასა და ხრამის აუზში მდებარეობს. იგი ქართლის განაპირა ქალაქ დმანისს და მის მიმდებარე სანახებს მოიცავს. აღნიშნული სახელწოდებით ეპარქია მხოლოდ 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით აღდგა. მანამდე მისი სამწყსო ბოლნისისა და დმანისის საერთო სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა, უფრო ადრე კი აგარაკ-წალკის ეპარქიაში შედიოდა. დმანისის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოლნისის, დასავლეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები, სამხრეთი საზღვარი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.
დმანისი იყო ძირძველ ქართულ პროვინციათა - ტაშირისა და დმანისხევის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და კულტურულ-საეპარქიო ცენტრი.
საქართველოს უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე მდებარე სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი მხარე ადრიდანვე მრავალ დამპყრობს იზიდავდა. სხვადასხვა რჯულის მომხვდურთა მიერ გამუდმებული დაპყრობების მიუხედავად, ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობა საკუთარი მამულის აღორძინებას პირველყოვლისა სასულიერო კერების - ეკლესიებისა და მონასტრების საფუძვლიანი აღდგენით იწყებდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე დმანისის ეპარქიის სამწყსო ტერიტორია აგარაკ-წალკის სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა. 1995 წ. საქართველოს ეკლესის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით აგარაკ-წალკას გამოეყო ბოლნისისა და დმანისის ეპარქია, რომელიც აღნიშნულ ორ მეზობელ რაიონს აერთიანებდა.
2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სადღესასწაულო კრებაზე ბოლნისისა და დმანისის სამღვდელმთავრო ტერიტორიის საფუძველზე დმანისის ეპარქია ჩამოყალიბდა, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ორი უძველესი და დამოუკიდებელი სამღვდელმთავროს მემკვიდრეობის განახლების თვალსაზრისით.

ფონდი “ერთგულების” დახმარებით აშენდა დმანისის საეპისკოპოსო რეზიდენცია.