Georgian        English        Russian




სამების საკათედრო ტაძარი

1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.
ტაძრის აშენება თავდაპირველად ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის მახლობლად იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ მისი აშენება ელიას მთაზე გადაწყდა.
პროექტის თანახმად, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, სასტუმროებისა და სხვა დამხმარე შენობებისაგან. მთლიანი კომპლექსისათვის ელიას მთაზე 11 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო.

1996 წლის 3 მარტს, მართლმდიდებლობის ზეიმზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ერთად ეპარქიათა მღვდელთმთავრები, თბილისის ყველა ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი ჯვრებითა და ხატებით ფეხით გაემართა ელიას მთისკენ. მათ საძირკველში აღმართულ ჯვართან სანთელი დაანთეს და ჩააწყვეს ქვები, რომლებზეც საკუთარი სახელები დაწერეს.
სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველს ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები: ქვა სიონის მთიდან, სადაც მოსეს ათი მცნება მისცა უფალმა; ქვა მდინარე იორდანიდან, სადაც ნათელ იღო იესო ქრისტემ; ნაზარეთიდან, სადაც ეხარა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობა; იერსუსალიმის სიონიდან, სადაც დაკრძალული იყო ღვთისმშობელი; მიწა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრიდან; აჭარიდან, გონიოდან, საიდანაც შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და განისვენებს მატათა მოციქული; ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან, საიდანაც შემოვიდა წმიდა ნინო; სვეტიცხოვლიდან, სადაც ბრძანდება უფლის კვართი; მცხეთის სამთავროს მონასტრიდან, სადაც მოღვაწეობდა წმიდა ნინო; მოწამეთადან, სადაც წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები განისვენებენ. აფხაზეთიდან, კომანიდან, წმიდა ვასილისკოს წყაროდან. იერუსალიმის საბა განწმენდილის მონასტრიდან; კაბადოკიიდან, სადაც დაიბადა წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, ბასილი დიდი და სხვა წმიდა მამები; აფხაზეთიდან, სვიმონ კანანელის საფლავიდან; წმიდა დიდმოწამე გიორგის საფლავიდან, იერუსალიმის ელეონის მთიდან, საიდანაც უფალი ამაღლდა ზეცად; ლეჩხუმიდან - წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავიდან, გოლგოთიდან, თაბორის მთიდან, მამრეს მუხის ნაწილი, ქვა გუდამაყრის ხეობიდან, რომელზეც ბუნებრივად არის გამოსახული ჯვარი; სიონის საპატრიარქო ტაძრიდან, ქუთაისის ბაგრატის ტაძრიდან, გეგუთის სამეფო ციხე-სიმაგრიდან; გელათის მონასტრიდან; ანტონ მარტყოფელის საფლავიდან; ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან. უძველესი ტრადიციის თანახმად, მღვდელმთავრებმა საძირკველში ჩააწყვეს ოქროს მონეტები, საფუძველშივე იქნა ჩადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და იმჟამინდელი პრეზიდენტის ორი ფილა მათი სახელებით. „ყოვლდაწმიდა სამებაო, დალოცე, გააძლიერე და გაამთლიანე სრულიად საქართველო და ეკლესია ჩვენი. გევედრები ჰყავ ტაძარი ესე და საქართველო, ტახტად და სამკვიდრებელად შენდა, ხოლო ერი ჩვენი, სამწყსოდ შენდა, ამინ! მონა ღვთისა მდაბალი ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი“ - წერია უწმიდესის ფილაზე.
ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. ესოდენ დიდი სიმაღლისა და ფართის ტაძარი საქართველოში ჯერ არ აშენებულა. ტაძრის მოცულობა 102 კვ. მეტრია, თავისი სავესტიბიულო ნაწილით კი - 137 კვ.მ. ფართობი 5000 კვ. მეტრზე მეტია. იგი აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტრო, გათბობის და ვენტილაციის აპარატურით. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრია. საკუთრივ ჯვრის სიმაღლე კი შვიდმეტრნახევარია. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მეტრია. სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. თუმცა ტაძრის გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება. მისი ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. ის ერთ-ერთი დომინანტი ნაგებობაა მტკვრის მარცხენა სანაპიროს თავზე და ფაქტობრივად, ძველი თბილისის ზემო მხარე უკავია. საინტერესოა ისიც, რომ წმიდა ელიას მთაზე მშენებარე სამების საკათედრო ტაძარი ზუსტად მამა დავითის ეკლესიის აღმოსავლეთ ღერძზეა განთავსებული, ამდენად, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ტაძარს სივრცე უკვე მოგებული აქვს. იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის, ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს დაიტევს.
ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს. ესაა ნაზავი ჯვარგუმბათოვანსა და ცენტრალურგუმბათოვანს შორის.
ყოვლადწმიდა სამების ლავრისათვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა გააჩნიათ. სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა..
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით მთავარი, სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს მხატვარი ამირან გოგლიძე. ტაძარს მოხატავენ კანონიკის სრული დაცვით და იმ ტრადიციათა გათვალისწინებით, რაც ქართულ ფრესკულ მხატვრობასა და ხატწერაშია დამკვიდრებული. ამასთანავე, ეკლესიის მოხატულობის კონცეფციის განსასაზღვრად ჩამოყალიბებულია ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი და სამების ტაძრის მოხატვაც მათ დასკვნებზე დაყრდნობით შესრულდება.
ელიას მთაზე, როგორც ამას მთის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ადრე წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო აგებული. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტით აქ წმიდა ილიას სახელობის ხის ეკლესიის აგება გადაწყდა და 1998 წლის აღდგომისათვის სამუშაოები დამთავრდა. ხის ეკლესია ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით სვანიძემ, სამების ტაძრის მთავარი არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის დახმარებით დააპროექტა. სამწუხაროდ, რამდენიმე ხანში ტაძარი დაიწვა. მის ადგილას დღეს ახალი, რკინა-ბეტონით ნაშენები ტაძარი დგას.
მესამე ათასწლეულის პირველი ქრისტეშობა ქართველმა ერმა სწორედ წმიდა სამების მშენებარე ტაძარში აღნიშნა. 2003 წლის 6 დეკემბერს სამების ტაძარზე 7,5 მეტრის სიმაღლის მოოქროვილი ჯვარი დაიდგა, რომელიც 2 ტონას იწონის. ჯვარი უჟანგავი ლითონისა და ბრინჯაოს მასალითაა დამზადებული. ის თითქმის ერთი წელი მზადდებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში დაბრძანებული ჯვარი 5 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია II აკურთხა წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან - ცხუმ-აფხაზეთის მირტოპოლიტ დანიელთან (დათუაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოს ისაიასთან (ჭანტურია) და ხონელ მთავარეპისკოპოს საბასთან (გიგიბერია) ერთად.
კურთხევის შემდეგ ჯვარი მორწმუნე მრევლმა გალობით საპატრიარქოს ეზოდან ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძრის ეზოში გადაასვენა, სადაც იგი ერთი დღე-ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული. მის წინაშე განუწყვეტელი პარაკლისები აღესრულებოდა. ამის შემდეგ ჯვარი საზეიმოდ სამების გუმბათზე აღმართეს.

საქველმოქმედო ფონდმა ”ერთგულება” სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო და ტაძრისთვის ტრაპეზის ქვა გააკეთა.