Georgian        English        Russian




ლურჯი მონასტერი

ლურჯი მონასტრის სახელით ცნობილი ტაძარი თბილისში მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელ ვერის ბაღთან  მდებარეობს. სახელწოდება “ლურჯი მონასტერი” მას უნდა მიეღო იმ  ლურჯი ფერის შორენკეცების გამო, რომლითაც საყდრის გუმბათი იყო დაფარული.

ტაძარი XII საუკუნის მიწურულს, უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას უნდა იყოს აგებული. ნაგებობაში დღესაც გაირჩევა ძველი ეკლესიის ცალკეული ნაწილები. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ტაძრის გეგმას, საფასადო პერანგის ქვედა ნაწილს, საკურთხევლის სარკმლის ჩუქურთმას, ეკლესიის წარწერებს და სხვ. სამხრეთ შესასვლელის ტიმპანის ვრცელი წარწერიდან ცხადი ხდება, რომ ეკლესია აუგია ყოფილ ქართლის მთავარეპისკოპოსს ბასილს, რომელიც ყოფილა თამარ მეფის (1284-1210) დროინდელი მოღვაწის აბულასანის ძმა. შემდგომ საუკუნეებში ტაძარი ქართლის მთავარეპისკოპოსთა საძვალედ ითვლებოდა.
ლურჯი მონასტერი თავდაპირველი სახით იყო გუმბათიანი ეკლესია, რომელიც არქიტექტურული ტიპით  XII-XIII საუკუნის მიჯნის სხვა ტაძრებს (ბეთანია, ქვათახევი) უახლოვდებოდა. ასწლეულების მანძილზე დაზიანებული ტაძარი XVI-XVII საუკუნეებში უგუმბათოდ აღუდგენიათ _ ამის შედეგად მის შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიენიჭა. რუსეთის მპყრობელობის დროს, 1873 წელს ეკლესია ხელახლა აღადგინეს და შენობას ქართული არქიტექტურისათვის უცხო ფორმის გუმბათი დაადგეს. იმავე პერიოდში აიგო ახალი კედლები და აგურის ფრონტონები. ამ გადაკეთების შედეგად ეკლესიის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ფონდის ”ერთგულება” დახმარებით მოპირკეთდა ლურჯ მონასტერთან არსებული სამრევლო სკოლა.