Georgian        English        Russian




წმინდა დიდმოწამე არჩილ მეფის მონასტერი

ნოდოკრას  მონასტერი მეფე არჩილ II სახელობისაა. იგი მდებარეობს თიანეთის რაიონის სოფელ ნოდოკრას მიმდებარე ტერიტორიაზე. გადმოცემის თანახმად მე-8 საუკუნეში ამ ადგილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდგარა, რომელიც  თავად არჩილს დაუარსებია. ასევე აუგიათ აქ მონასტრის სამეფო რეზიდენციაც.   აქვეა  წმინდა არჩილის საფლავიც, რომელიც 761 წელს იმდროინდელმა  არაბთა ხალიფამ სიკვდილით დასაჯა. ნოდოკრას მონასტერს ქართულ რელიგიურ ცხოვრებაში ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, გადმოცემის თანახმად აქ დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ცხოვრობდნენ.
კომპლექსი მოიცავდა ორ დარბაზულ ეკლესიას (ბაზილიკას); ხუთსართულიან ოთხკუთხა კოშკს; მარანს, რომლის კამარა ნახევრადსფეროსებურია და ეყრდნობა ტომპებს, რაც დამახასიატებელია ადრეული ნაგებობებისათვის; ასევე საცხოვრებელ სათავსოებს. 
მას შემდეგ რაც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ბოლშევიკური იდეებით შეპყრობილმა ორგანიზაცია “სპარტაკის” წევრებმა მონასტერი ააფეთქეს,  მან  ფუნქციონირება შეწყვიტა და შემდეგ წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა.
21-ე საუკუნეში  ნოდოკრას მონასტრის აღდგენა იწყება. 2003 წელს  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აღდგა  და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით  სამონასტრო ცხოვრებაც განახლდა. 2005 წლიდან მონასტერი სტავროპიგალურია. დღეისათვის აქ იღუმენი არჩილი (კიკვაძე) და ერთი ბერი მორღვაწეობენ.


ფონდი “ერთგულება”-ს დამფუძნებლების დახმარებით 2005 წელს მონასტერში აშენდა მამათა სენაკები. 2006 წლიდან დაიწყო კოშკის რესტავრაცია.  გაკეთდა მონასტრის სტუმრების საცხოვრებელი, ძველ მარანს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, აშენდა  წმინდა მეფეების არჩილისა და ლუარსაბის სახელობის ტაძარი.
პროცესშია წმინდა არჩილის და ლუარსაბის ტაძრის გალავნისა და ნაკურთხი წყლის სალხინებლის მშენებლობა. მიმდინარეობს მონასტერთან მისასვლელი გზის დაგება.