Georgian        English        Russian




მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია

 

გადმოცემის თანახმად, VI საუკუნეში თბილისის ახლოს, მაღალი მთის აღმოსავლეთ, დამრეც კალთაზე, ბუნებრივ მღვიმეში დამკვიდრებულა ერთერთი ასურელი მამა წმ. დავითი. მასთან არის დაკავშირებული ლეგენდა ქაშუეთის ეკლესიის დაარსების შესახებ. გარკვეული დროის შემდგომ წმ. დავითს თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად თბილისის მიდამოები დაუტოვებია და გარეჯის უდაბნოში წასულა. წმ დავითის თავდაპირველი სამყოფი ქვაბი და მცირე სამლოცველო კი ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად იქცა. X საუკუნის შემდგომ წმ. დავითის სამოღვაწეო ადგილზე დაფუძნებული სავანე ათონის ივერთა მონასტრის მეტოქი მონასტერია. სწორედ აქედან წარმოდგება მისი მეორე სახელიც _ მთაწმინდა. იმხანადვე ძველი, დანგრეული ეკლესია ადგილობრივ მოწესეებს აღუდგენიათ და ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელზე უკურთხებიათ.
XVI საუკუნეში ათონის წმინდა მთიდან ჩამოსულ ორ ბერს - დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებს მთაწმინდაზე ღმრთისმშობლის სახელზე მონასტერი დაუფუძნებიათ და მისთვის ახლომდებარე მიწები შეუწირავთ. ქართველი მეფე-დიდებულები დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ მადლმოსილ ადგილს. მთაწმინდაზე აღკვეცილა ბერად ქართლის მეფე დავით X, რომელიც იქვეა დაკრძალული.
ბატონიშვილ ვახუშტის გადმოცემით, XVIII საუკუნის ბოლოს მონასტერი უკვე  მიტოვებული და გაჩანაგებული ყოფილა. ტაძრის შემოგარენი იმდენად ხშირი ჯაგნარით ყოფილა დაფარული, რომ მლოცველებს მასთან მიახლოებაც კი უჭირდათ.
XIX საუკუნის დასაწყისში კათალიკოსმა ანტონ II-მ, მამადავითის დანგრეული ტაძრის აღდგენა ქაშუეთის ეკლესიის მღვდელს თომა გრიგორიევს დაავალა. ერთი წლის შემდეგ, 1810 წელს თბილისელთა მიერ გაღებული შეწირულობებით უფლის ფერისცვალების სახელზე ტაძარი აიგო. იგი წარმოადგენდა აგურით ნაშენ უგუმბათო ეკლესიას, რომელსაც  ხის გადახურვა ჰქონდა. XIX საუკუნის შუახანებში გადაწყდა მთაწმინდაზე უფრო დიდი ეკლესიის აგება. 1857 წელს ძველი ეკლესიის გვერდით  საფუძველი ჩაეყარა ახალ ტაძარს. იგი 1871 წელს წმ. დავით გარეჯელის სახელზე აკურთხა საქართველოს მაშინდელმა ეგზარქოსმა ევსევიმ. მანვე ანჩისხატის ეკლესიიდან გადმოატანინა კანკელი და ახლად აგებულ ეკლესიას შესწირა. ექვსი წლის შემდეგ დეკანოზ იოსების მეურვეობით ეკლესიისთვის გუმბათი დაუდგამთ. 1899 წელს ტაძარი მოიხატა, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში უფლის ფერისცვალების ძველი ეკლესიის ადგილზე აგურის სამრეკლო აიგო.
ტაძრის გარშემო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია.

ფონდმა “ერთგულება”  სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მამა დავითზე ააგო მამათა მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. მონაწილეობა მიიღო ძირითადი ტაძრის რეკონსტრუქციასა და მონასტრის ტერიტორიაზე ეზოს მოსაპირკეთებელ სამუშაოებში.
ასევე ფონდ “ერთგულების” მონაწილეობით გაკეთდა ტაძართან მისასვლელეი გზა და მონასტერს საჩუქრად გადაეცა ავტომანქანა.
დღეისათვის მამა დავითზე ასევე “ერთგულების” მონაწილეობით” მიმდინარეობს ტაძრის მაღაზიისა და კაფეს მშენებლობა.