Georgian        English        Russian




სამთავროს დედათა მონასტერი

მცხეთაში, სამეფო ბაღში, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა, მეფე მირიანმა ტაძარი ააგო და ანდერძად დაიბარა, აქ დამმარხეთო. მართლაც, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა დღემდე სამთავროს ტაძარში განისვენებენ.
სამთავროს მონასტრის ეზოში არის მცირე საყდარი, წმინდა ნინოს სახელობისა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც წმინდა ქალწული პირველად დაემკვიდრა. საყდრის გვერდით დღესაც ხარობს მაყვლის ბუჩქი, რომელმაც წმინდა ნინო შეიფარა. მასში ქალწული რამოდენიმე ხანს იმალებოდა.
სამთავროს ძველი ტაძრის ადგილზე მე-10 საუკუნეში ახალი ეკლესია ააგეს და ქრისტე მაცხოვრის სახელზე აკურთხეს. აქ სპეციალურ ლუსკუმაში ჩასვენებულია სხვადასხვა სიწმინდეები. ტაძარში სასწაულთმოქმედი ხატებია: ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი 1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე ცრემლს ადენდა, ხოლო კანკელის ხატები 1990-იან წლებში - მირონს.
სამთავროში თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, მაგრამ დროთა სიავის გამო დაიხურა. XIX საუკუნეში კი დედათა მონასტერი გაიხსნა, რომელიც დღემდე არსებობს.
სამთავროს ეზოში მდებარე კოშკში მოღვაწეობდა ჩვენი თანამედროვე, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბერი - მამა გაბრიელი. იგი, როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ უამრავ სასწაულს აღასრულებს. მის საფლავზე ზამთარ-ზაფხულ ყვავის ყვავილები, მუდმივად ანთებული კანდელის ზეთით კი მრავალი ადამიანი იკურნება.

სამთავროს დედათა მონასტრის ტარიტორიაზე მცირე ზომის საპატრიარქო რეზიდენცია ფონდის “ერთგულება” დახმარებით აშენდა.