Georgian        English        Russian



23 ოქტომბერი 2008


კახი კავსაძის ვარსკვლავი

23 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ გამოჩენილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ეს ღონისძიება ბატონი კახის 70 წლის იუბილეს დაემთხვა. ვარსკვლავის გახსნამდე ქართული თეატრის თანავარსკვლავედმა მაყურებელს არაჩვეულებრივი სპექტაკლი ”მოხუცი ჯამბაზები” შესთავაზა. საღამოს უამრავი ცნობილი სახე და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ. კახი კავსაძის ვარსკვლავი რუსთაველის თეატრის წინ რიგით მეხუთეა.

კახი კავსაძე გადაღებულია ფილმებში: ”მზე შემოდგომისა”, ”ვერის უბნის მელოდიები”, ”ერთი ნახვით შეყვარება”, ”ღვინის ქურდები”, ”აურზაური სალხინეთში”, ”ქალაქი ანარა”, ”ნატვრის ხე”, ”სიყვარული ყველას უნდა”, ”ცხელი ზაფხულის სამი დღე”, ”მონანიება”, ”სამოთხის გვრიტები” და სხვა.  

საქველმოქმედო ფონდმა ”ერთგულება” კახი კავსაძის ვარსკვლავის დამზადება დააფინანსა.