Georgian        English        Russian




წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია

 

მთაწმინდის კალთის ძირში ს. ზალდასტანიშვილის ქუჩაზე 1911-1913 წლებში აგებული წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის რუსული ეკლესია დგას. კავკასიის მფარველი წმინდანის სახელზე ტაძრის აგების იდეის ავტორი რუსეთის დიდი მთავარი, მიხეილ რომანოვი იყო. ეკლესია კავკასიის მეფისნაცვლის ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის და მისი მეუღლის დაკვეთით აშენდა.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აღმოსავლეთით განიერი, რვა სარკმლიანი სფერული გუმბათით გადახურული. ეს უკანასკნელი აბსიდისა და გრძივი კედლების შვერილებს ეყრდნობა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების აღმოსავლეთის ნაწილი ღრმა თაღებითაა დანაწევრებული, რაც გარკვეულ რიტმს წარმოშობს. ინტერიერი ღია ცისფრადაა შებათქაშებული. ერთიანი, სადა ფაქტურის ფონზე მკვეთრად გამოიყოფა ოქროსფრად მოვარაყებული მაღალი იკონოსტასი და გუმბათის სფეროში მოცემული ამავე ფერის ვარსკვლავები.
ტაძარში სამი შესასვლელია: სამხრეთ ფასადის ცენტრში და გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილში ერთმანეთის სიმეტრიულად განლაგებული. სამივე მათგანის წინ ორ ნახევარსვეტსა და წყვილ სვეტზე გადასროლილი თაღოვანი პორტიკია მოწყობილი (სვეტები თავისებური ფორმისაა-დოქისებრი და დაბალი, ამიტომ ბაზისები ძალიან მაღალია). ტაძრის შვერილი აბსიდი ხუთწახნაგაა. მასზე განთავსებული სამი სარკმლიდან ცენტრალური ცრუა. აბსიდის თავზე შპილია აღმართული, რომელიც მცირე გუმბათით გვირგვინდება. ასეთივე გუმბათია დაშენებული სამრეკლოზე, რომელსაც ინტერიერთან დასავლეთის კედელში ჩაშენებული კიბე აკავშირებს (ამავე კიბითაა შესაძლებელი პატრონიკეზე მოხვედრა).
ფასადზე მკვეთად გამოიყოფა სარკმელთა რთული პროფილის მქონე რელიეფური საპირეები. ამავე დროს, ექსტერიერი გადატვირთული არ არის ელემენტებით და ფასადები სისადავეს ინარჩუნებენ.
მეტი დეკორატიულობა ახასიათებს ნაგებობის ზედა ნაწილს: ზაკომარების ორი რიგი, შემდეგ გუმბათის კვადრატული, თაღებით დანაწევრებული საფუძველი და მასზე აღმართული ვიწრო ყელი, რომელიც მცირე ზომის გუმბათის თავით სრულდება.
ეკლესიის მაღალ ცოკოლში აღმოსავლეთით სატრაპეზოა მოწყობილი.
ტაძრის სამივე, ვერცხლისფრად დაფერილი გუმბათი რუსული არქიტექტურის ტრადიციისამებრ ,,ხახვისებრი” ფორმისაა. ნაგებობა, ასევე რუსული წესის მიხედვით, თეთრად არის შებათქაშებული და  შორიდანვე მკაფიოდ აღიქმება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით  ტაძარში მიმდინარეობს სამრევლო სკოლის შენობის მშენებლობა და აგრეთვე ტაძრის გამშვენება. ფონდმა ”ერთგულება” თავისი წვლილი შეიტანა ტაძრის მოწყობაში. ფონდის ხელშეწყობით მოწესრიგდა ტაძრის კომუნიკაციები.