Georgian        English        Russian



26 სექტემბერი 2008


რობერტ სტურუას საიუბილეო კვირეული

 რუსთაველის თეატრის 130-ე სეზონი 26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე რობერტ სტურუას საიუბილეო შემოქმედებითი კვირეულით გაიხსნა. პირველ საღამოს თეატრის დასმა გია ყანჩელის რექვიემი ”სტიქსი” ითამაშა, რომელიც საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.  კვირეულზე დასასწრებად ამერიკისა და ევროპის თითქმის ყველა წამყვანი თეატრების რეჟისორები, მსახიობები, თეატრის მმართველები და ასევე თეატრალური კრიტიკოსები ჩამოვიდნენ.

რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სცენაზე ასზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული. მისი თითოეული პრემიერა განსაკუთრებული მოვლენა იყო. რეჟისორს მიღებული აქვს საქართველოში არსებული თითქმის ყველა პრემია, მათ შორის ღირსების ორდენი, სახალხო არტისტის წოდება, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მედალი, სახელმწიფო პრემიები, საქართველოს პრეზიდენტის მედალი თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სხვა.

საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” აქტიურად უჭერს მხარს ქართული კულტურის განვითარებას. ფონდის დახმარებით მოხერხდა რობერტ სტურუას საიუბილეო კვირეულის ჩატარება, რომელიც საქველმოქმედო იყო  და სპექტაკლებიდან შემოსული თანხა ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს მოხმარდათ.